კომპანია „ენისელი ბაგრატიონი“ ფუნქციონირებს 2003 წლიდან, ცნობილი ქართველი მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძის ღვინის მარნის ბაზაზე. კომპანიის შემქმნელი და მფლობელია ზაქარია ჯორჯაძის შთამომავლები, კერძოდ ბაგრატიონების ოჯახი.
წარმოების 150-წლიანი ისტორია სწორედ ზაქარია ჯორჯაძის ნამოღვაწარს უკავშირდება, ზ. ჯორჯაძე ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც ქართული ღვინო ევროპაში გაიტანა და ქართული მიწის ნაყოფს სახელი გაუთქვა.
ზაქარია ჯორჯაძე დაიბადა 1847 წელს ყვარლის მაზრის სოფელ საბუეში, თავადის ოჯახში. სპეციალური განათლება ზ. ჯორჯაძემ მეღვინეობის ცნობილ ცენტრებში – კლოსტერ-ნაიბურგის უნივერსიტეტსა (ავსტრია) და მონპელიეში (საფრანგეთი) მიიღო. 1875 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა ვენის მახლობლად ქ. დიუბლიგის ღვინის სარდაფში განაგრძო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ზ. ჯორჯაძემ დააარსა სავაჭრო ფირმა “თავადი ზ. ა. ჯორჯაძე და კომპანია”და, ღვინის წარმოების გარდა, დავით სარაჯიშვილთან ერთად, დიდი შრომა და ენერგია მოანდომა საქართველოში საკონიაკე საქმის განვითარებას.
1882 წელს ზაქარია ჯორჯაძემ კახეთში, სოფ. საბუეში ღვინის მარანი დააარსა. თანამედროვეთა ცნობებით მარანში ღვინის წარმოება ევროპული დონის შესატყვისი ყოფილა. მარნის დასავლეთ ნაწილში ინახებოდა კახური ტიპის ღვინო, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი სპეციალურად დათმობილი ჰქონდა ევროპული ტიპის ღვინოებს, რომელიც მის კომპანიას რუსეთსა და საზღვარგარეთ წარმატებით გაჰქონდა. (ამ დროისათვის „თავადი ზ. ა. ჯორჯაძე და კომპანია“ – ს მოსკოვში, პეტერბურგში, ოდესასა და სხვა ქალაქებში ღვინის საწყობები ჰქონდა.
ზაქარია ჯორჯაძემ, ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საქართველოში მოსახლეობიდან ყურძნის შესყიდვის და ღვინის ევროპული ტექნოლოგიით დამზადების პრაქტიკა. სწორედ საბუის ღვინის მარანში ევროპული წესით დაყენებული ღვინო გაიტანა ზ. ჯორჯაძის კომპანიამ 1888 წელს ბრიუსელში გამართულ მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, სადაც მას უმაღლესი ჯილდო – დიდი ოქროს მედალი მიენიჭა. როგორც კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე, ზ. ჯორჯაძე, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, იღვწოდა ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის, რაც ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად მიაჩნდა. იგი იმდროინდელ ქართულ პრესაში აქვეყნებდა მრავალ წერილს მეღვინეობის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე. ასევე მონაწილეობდა კავკასიისა და ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის გამოფენებში. ზაქარია ჯორჯაძემ ხმა აღიმაღლა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. იგი მოხსნებით წარსდგა მეღვინეობის ერთ-ერთ ყრილობაზე პეტერბურგში, მოხსენების ხელნაწერი ინახება ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში.
ზაქარია ჯორჯაძე გარდაიცვალა1895 წელს.