მარანი:
ზაქარია ჯორჯაძის ღვინის მარნის ისტორიული ნაგებობა (120 თიხის ქვევრით) და მის ტერიტორიაზე ევროპული სტილით აგებული `შატო’, დღემდეა შემორჩენილი და აღდგენილია შთამომავლების მიერ. აქ დაცულია ზაქარია ჯორჯაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული საოჯახო არქივი (ფოტოები, წერილები, დღიურები, სიგელები), რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდს – XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეს განეკუთვნება და თავისი მხატვრული, თუ ისტორიული ღირებულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს. ზაქარიას სამი შვილიდან (ალექსანდრე, გიორგი, ნინო), განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ქალიშვილის – ნინო ჯორჯაძის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა.