ნინო ჯორჯაძე (1884 -1969)
თავის უმცროს ქალიშვილს – ნინოს, ზაქარიამ განათლება ევროპაში, კერძოდ, სორბონის უნივერსიტეტში მიაღებინა. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, როგორც მოწყალების და, ნინო ჯორჯაძე მოხალისედ წავიდა კავკასიის ფრონტზე, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის მე-4 ხარისხის წმ. გიორგის მედლით დაჯილდოვდა. სწორედ ფრონტზე ყოფნისას, ფოტოგრაფიით გატაცებულმა ნინომ, ფირსა და დღიურებში, დოკუმენტური სიზუსტით აღბეჭდა ყოველივე ნანახი, განცდილი, გაგონილი და შექმნა პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტის ფოტომატიანე (1914-1917). ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში ნინო ჯორჯაძე შესულია, როგორც პირველი ქართველი ფოტოდოკუმენტალისტი ქალი.